Saturday, December 25, 2010

Stone Carving


1862 წელს მექსიკაში, ტაბასკოს შტატში ნავთობის აღმოჩენის მიზნით გათხრებს ატარებდნენ, როცა სრულიად შემთხვევით, საოცარი აღმოჩენის მოწმენი გახდნენ. რამდენიმე მეტრის სიღრმეზე ქვის გიგანტური თავები იყო, რომლებიც გამოსახულების მიხედვით, ნეგროიდს ჩამოგავდა. არქეოლოგებმა ის ვერცერთ ცივილიზაციას ვერ მიაკუთვნეს.

წლების შემდეგ, 1942 წელს არქეოლოგი მეთიუ სტირლინგი დაინტერესდა ამ აღმოჩენით და ქალაქ ლა ვენტას მიდამოებში გათხრების ჩატარება დაიწყო. მალე გიგანტურ თავებს ახალი, ასევე უცნობი წარმოშობის ნივთები და ნაკეთობები შეემატა და კვლევის შედეგებმა მსოფლიო გააოცა: სახეზე იყო აქამდე უცნობი ცივილიზაციის ნაშთები. ცივილიზაცია, რომელიც წინ უსწრებდა მაიას, ინკებსა და აცტეკებს !

ამჟამად ოლმეკებს მექსიკის “დედა-კულტურას” უწოდებენ და მიჩნეული არიან პირველ მესოამერიკულ ცივილიზაციად. მათი საცხოვრებელი არეალი მოიცავდა სამხრეთ-ცენტრალური მექსიკის ტროპიკულ დაბლობს, თანამედროვე ვერაკრუსისა და ტაბასკოს შტატების ტერიტორიას. სიტყვა “ოლმეკი” ‘რეზინის ხალხს’ ნიშნავს აცტეკების ენაზე და მე-15-16 საუკუნეებში მცხოვრებ ხალხს ეწოდებოდა, რომლებიც შეცდომით მათ შთამომავლებად ჩათვალეს. შემდგომში მკვლევარები მიხვდნენ რომ შეცდომა დაუშვეს, თუმცა ეს სახელი ისევ დატოვეს.

ოლმეკების ცივილიზაცია საკმაოდ განვითარებული და დახვეწილი იყო იმ დროისთვის. ჩვენამდე მოაღწია ცნობებმა, რომ ოლმეკები ატარებდნენ სისხლის გამოშვების რიტუალს და თამაშობდნენ ბურთით. აღსანიშნავია, რომ მესოამერიკული ბურთით თამაში საკმაოდ რთული იყო. გარდა კარგი ფიზიკური მომზადებისა, სხარტ გონებასაც მოითხოვდა. ვისაც აქვს ნანახი “გზა ელდორადოსკენ”, იქ არის ნაჩვენები ეს თამაში. ბურუსითაა მოცული ის საკითხი, თუ რამ გამოიწვია მათი დაცემა და გაუჩინარება. ვარაუდობენ, რომ ეს გარემო პირობების შეცვლის გამო მოხდა.

მივუბრუნდეთ ისევ ქანდაკებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ოლმეკების ჩანაწერებში არსად ფიქსირდება მათი დანიშნულება, კოლოსალური ზომის თავები დღემდე დავის საგანი არიან. ამჟამად აღმოჩენილია 17 ცალი და მათგან არცერთი არ გავს დანარჩენებს.

17-დან 10 აღმოაჩინეს სან-ლორენცოში, 4 ლა-ვენტაში, 2 ტრეს ზაპოტეში და 1 კობატას რანჩოში.

გარდა იმისა, რომ ის ყველა დანარჩენზე დიდია, მას თვალები აქვს დახუჭული და სპეციფიკური, თითქოს მოღრეცილი პირი აქვს. ცხვირი მიბრტყელებულია და ამის ფონზე გვერდითა ხედიდან ნესტოები პატარა ჩანს. ზოგი მკვლევარი თვლის, რომ ეს ქანდაკება გარდაცვლილ ადამიანს გამოსახავს.

ამჟამად თითოეული ქანდაკება მექსიკის სხვადასხვა ქალაქების მუზეუმებშია დაცული და მათი ნახვა ნებისმიერს შეუძლია.

მიჩნეულია რომ ეს თავები ოლმეკთა გამორჩეული მმართველების მიხედვითაა შექმნილი. გაუგებარია, რისთვის იყენებდნენ ამ კოლოსალურ ხელოვნების ნიმუშებს – მხოლოდ იმიტომ რომ მმართველთა სახელი საუკუნეებს შერჩენოდა? რისთვის ათრევდნენ უზარმაზარ, ათეულობით ტონა სიმძიმის ლოდებს კილომეტრების მანძილზე და მერე ამუშავებდნენ? ან როგორ გადაჰქონდათ ლოდები, ხმელეთით თუ წყლით?

როგორც BBC ამბობს, არქეოლოგიური აღმოჩენები ამაზე პასუხს არ იძლევა, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ მდინარით გადაჰქონდათ. ლოგიკურია, ამისთვის გრძელ და ფართო ტივს იყენებდნენ. ეს ყველაზე მოსახერხებელი საშუალება იყო მაშინ. თუკი აირჩევდი შესაბამის პერიოდს, შესაბამის ადგილს და დინებას, შეუძლებელი აღარ იქნებოდა ასეთი რამ.

თუმცა ადვილი რა თქმა უნდა არ იყო. თითოეულს ათობით ათლეტი მამაკაცი დასჭირდებოდა. ამასთან, პროცესი ნელი და დამღლელი იქნებოდა.

გადატანის შემდეგ წამოიჭრება ახალი საკითხი:როგორ ამუშავებდნენ გიგანტურ ბლოკებს? მესოამერიკელებს ხელთ მხოლოდ ქვის იარაღები ჰქონდათ. რამდენად შესაძლებელია კერკეტი ქვა ასე დაამუშავო და შექმნა სიმეტრიული გამოსახულებები მეტალის იარაღის გარეშე? თუ ისინი იყენებდნენ მხოლოდ ქვის იარაღებს, მაშინ ყოველდღიური მუშაობის შემთხვევაში წლები დასჭირდებოდათ ასეთი გამოსახულების გასაკეთებლად.

აღსანიშნავია, რომ ეგვიპტელებთან შედარებით, ოლმეკები უფრო კარგად იცნობდნენ ადამიანის ანატომიას – მათი შემქნილი გამოსახულებები ეგვიპტელთა ხელოვნების ნიმუშებთან შედარებით გაცილებით ახლოს დგას რეალურთან.როგორც ჩანს, ოლმეკებს ეგვიპტელებისა და Edward Leedskalnin-ის მსგავსად, ჰქონდათ ის ცოდნა, რომელიც დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა, თანამედროვე ადამიანისთვის კი დიდ საფიქრალს წარმოადგენს

წყარო www.ucnauri.com

No comments:

Post a Comment